„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი მესამე სექტორის მიერ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ხდება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
თარხნიშვილი საარჩევნო და პერსონალური მონაცემების კანონების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან არასამთავრობოების ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს აძლევენ ბლანკებს, სადაც მათ იმ ადამიანების პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ, ვინც გარანტირებულად ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემს.
მას იმედი არ აქვს, რომ ხელისუფლებას ამაზე სათანადო რეაგირება ექნება, რადგან თარხნიშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა წინა არჩევნებზეც დაფიქსირდა.
„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ნაბიჯია და ეს არის ერთ-ერთი ხერხი, რითიც ახორციელებენ ზეწოლას ამომრჩეველზე, ახორციელებენ ზეწოლას ადმინისტრაციულ რესურსზე და აქვს იმედი, რომ ამის გამოყენებით მოიგებენ არჩევნებს,“ - განაცხადა თარხნიშვილმა.
დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი უწყებების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ.
განცხადებაში, რომელიც გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, ვკითხულობთ სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს.