"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" შესაძლო ელიტური კორუფციის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში არ მომხდარა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ საზოგადოებას ნდობა დაკარგული აქვს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე წერს.
„IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი,“- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.