უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა. მას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც კომისია არ დაუტოვებიათ. განხილვის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო იყო.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია სრულად იყოს თავისუფალი ძალადობისგან.
„ამ არჩევნებისთვის ბოლო 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 შემთხვევა ეხებოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რაც არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს 4 ჩვენთვის, კომისიისთვის, ალბათ, არის მაინც დიდი ციფრი. ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია იყოს სრულად თავისუფალი ძალადობისგან,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
განმარტებები უწყებათშორისი კომისიის წევრებმა სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.
„ყოველ შეხვედრაზე ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებს, ამან მიიღო ორგანიზებული ხასიათი. ეს წინააღმდეგობაში არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა პრინციპთან, ისინი ცდილობენ შეურაცხყოფების მიყენების გზით, სიძულვილის ენის გამოყენებით დაჩრდილონ წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ატარებს. ეს ინფორმაცია მიეწოდა კომისიას და მათგან შესაბამის რეაგირებას ველით,“- განაცხადა გიორგი კახიანმა.
უწყებათშორისი კომისიის სხდომას პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრი და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძეც დაესწრო.
„მოვედი, რათა მეპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის, ნათია მეზვრიშვილისთვის, როდესაც მან განაცხადა, რომ 20-მდე პირია გამოკითხული იმ ძალადობის ფაქტზე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაც მოხდა და არავინ ადასტურებს, თურმე აღნიშნულ ინციდენტს. მოვიტანე სია იმ მოწმეებისა, რომლებიც არიან გამოკითხული ამ საქმეზე, ჩემთვის არ ყოფილა გასაკვირი, თუ ჰასმიქ მარაგოზიანის ნათესავები და მისი ქმრის თანამშრომლები ამ საქმეზე არასწორ ჩვენებას მისცემდნენ,“- განაცხადა ჭალიძემ.