ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. მეთაური მსოფლიო პატრიარქს უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს. ბესარიონ აპლიამ პატრიარქი ბართლომე რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულა.
სააგენტო რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში აპლიამ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას უგუნური უწოდა და აღნიშნა, რომ მათ უკან უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი დგას.
ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. მეთაურის თქმითვე, ამ კონფლიქტში აფხაზეთი მოსკოვსა და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს.
"ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა,“ - აცხადებს ბესარიონ აპლია.