ვარ შეურაცხყოფილი და ამას ნებისმიერი დეპუტატი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამდენი წლის მანძილზე ზურგს უკან ასეთი საშინელებები ხდებოდა - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე იმ ჩანაწერებს, სადაც მირზა სუბელიანი რამდენიმე დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს.
ჭიჭინაძის თქმით, ეს ჩანაწერი არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. დეპუტატი ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.
„ვფიქრობ, სახუმარო აქ არაფერია. შემაშფოთებელია და იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას არ აქვს ადეკვატური პასუხები მე ვფიქრობ, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოწურეს და ზოგადად ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზის და ამის ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები,“-ამბობს ჭიჭინაძე.
მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S-ში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.
საათნახევრიან აუდიოჩანაწერში საუბარია რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ვანოს საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეზე.
მირზა სუბელიანი საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ სასურველი ჩვენებების მიღების მიზნით იტაცებდნენ და ზოგჯერ აწამებდნენ კიდეც ხალხს.
სუბელიანი ამბობს, რომ ის „შავ საქმეებს“ აგვარებდა, რაც ხელისუფლებამ ვერ დაუფასა. სუბელიანის თქმით, მას ბევრი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ.