03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
რა შეხვედრა გამართა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში?

ენგურჰესზე მიმიდნარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დე ფაქტო მთავრობასთან ერთად იხილავდა. შეხვედრა ოკუპირებულ აფხაზეთში შედგა.

როგორც მოლაპარაკების მონაწილეები აცხადებენ, ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე დიდი ჰესის ექსპლუატაციის პირობები არ ყოფილა განხილვის თემა, დახურულ შეხვედრაზე მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელეს.

5 დღის წინანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა, რაც მოგვიანებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმაც დაადასტურა. კალაძის თქმით, ის ენგურჰესის იმ მონაკვეთზე იმყოფებოდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტოს ვიცე-პრემიერი ვიქტორ ხილჩევკი ხელმძღვანელობდა.
დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან ეს პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ენგურჰესის სრულად კონტროლზე პრეტენზია გამოთქვა.

ხელისუფლება ენგურჰესის სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამორიცხავს.

ენგურჰესთან დაკავშირებით პერიოდული შეხვედრების გამართვას ემხრობა ოპოზიცია, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში შიშობენ, რომ ხელისუფლება შეხვედრებზე სახელმწიფო ინტერესებს დათმობს.

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% ოკუპირებულ აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები