„რა ახალი ჩანაწერებიც არ უნდა გამოჩნდეს, სადაც სხვა ახალი ასპექტები დაემატება ამას, ეს ამ უმძიმეს სურათს ვერ და არ ცვლის,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერს.
საუბარია აუდიო ჩანაწერზე, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა და რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს.
უწყებაში დღეს განმარტეს, რომ გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა სუბელიანი ცრუ, გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროებით იმუქრებოდეს.
პროკურატურის მიერ ახალი ჩანაწერის გასაჯაროების მიუხედავად, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია მაინც არ იცვლება.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმისდა მიუხედავად, აქ რამე პირდაპირ მანიპულაციას აქვს თუ არა ადგილი პროკურატურის ან მთავრობის მხრიდან, რას ცვლის ეს ინფორმაცია იმ უმძიმეს სურათში, რომელიც იხატება ამ ჩანაწერითაც კი. ეს უმძიმესი სურათი არის ის, სადაც ლოგიკურად მივიდა ქვეყანა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მმართველობა, კორუფცია, ხელის დაფარება პოლიტიკური ნეპოტიზმის ნიშნით, ყველანაირი დანაშაულზე წასვლა, რომ პოლიტიკური ამოცანა შესრულდეს, მთელი ეს ბუკეტი უმძიმესი ვითარების დასტურდება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პროკურატურის წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაზი რამდენჯერმე გაუსვა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
სუბელიანის და ჯაფარიძის პირველი აუდიოჩანაწერი კი P.S.-ში გავიდა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.
მირზა სუბელიანი ასევე ჰყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას დახმარება. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ციხეში ჩაჯდომა “სახელმწიფოს გადასარჩენად“ სთხოვეს.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით.