ციხის საკნის სკანდალურ ჩანაწერებზე, აუდიოფაილების ახალი ფიგურანტი, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს.
კახიშვილი მირზა სუბელიანის განცხადებებს მაღალჩინოსნების კომპრომატების შესახებ, მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, პატიმრობით არის გამოწვეული. აუდიომასალით, რომელიც "კურიერმა" გაასაჯაროვა ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე კახიშვილს შეხვდა და გარკვეული პირობების შექმნა მოსთხოვა.
თუ ციხეში სუბელიანი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებდა, მაშინ კახიშვილის კომპრომატებს გამოუქვეყნებდა. ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასევე ამბობს, რომ კახა კახიშვილი სოზარ სუბარის წინააღმდეგ ლალი მოროშკინას დახმარებით მოქმედებდა.
კახიშვილი "კურიერთან" საუბრისას ამ ინფორმაციასაც უარყოფს და ამბობს, რომ მას კომინიკაციის საშუალება ისედაც ჰქონდა, რადგან მედიისთვის გახსნილი იყო.
„რად მინდოდა მე რაღაცის დავალება, როდესაც 2013 წელს ვიყავი ექსპერტი და ჩემი გახსნილობა საზოგადოების მიმართ გახსოვთ და თუ რამეს ვფიქრობდი მაგის საშუალება მქონდა, რომ მედიასაშუალებებში ჩემი აზრი გამოქვეყნებულიყო. არალოგიკურია, რომ მე მაშინ, როდესაც გახლდით აქტიური, კომუნიკაბელური ექსპერტი და მედიასთან აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა ნამდვილად არ დამჭირდებოდა,“-ამბობს კახა კახიშვილი.