19 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე

ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობაში აღიარებენ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის რყევა გაგრძელდება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებას ეხმაურება. რომან კაკულიას თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება, რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გაცვლითი კურსში გამოხატული, ეს გახლავთ, ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის მყისიერი ცვლილება შეუძლებელია და ამიტომ ის მოწყვლადია. ჩვენს ლარს სჭირს ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც ემატება შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საგარეო ფაქტორები. აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს უკვე ამ ყველაფრის გამო ჩამოყალიბებული მოლოდინი და ნაკლები ნდობა ლარის მიმართ და ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მკურნალობა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ლარი ასეთი გაუფასურებული ჯერ არ ყოფილა, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად ორი ლარი და 74 თეთრია საჭირო.

ბლუმბერგის მონაცემებით, ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები