ზაზა სარალიძე "კურიერის" მიერ გასაჯაროებულ გლდანის ციხის ახალ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმეს თანხა გადაუხადეს. აუდიოფაილის თანახმად, მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში, თბილისის ყოფილი პროკურორიც მონაწილეობდა.
მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ მოწმე, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, მთავარ პროკურატურაში თადუმაძის დანიშვნამდე, უცხო პირის სახელით დაუკავშირდა მას და შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
ზაზა სარალიძის თქმით, მან ამ ფაქტზე შსს-ს მიმართა და შეატყობინა, რომ ეს პირი აპირებდა მასთან შეხვედრას. შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ ამ გზით მან თავი დაიზღვია, რათა არ მომხდარიყო დაბრალება, თითქოს ის აპირებდა მოწმის მოსყიდვას.
„ეს ხდება 15 ივლისს. 15 ივლისს, როდესაც პროკურატურას გადაეგზავნა ეს ჩემი განაცხადი, ორშაბათს ეს ბავშვი გადაიკეტა. პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია, რომ ვაპირებდი ამ ბავშვთან შეხვედრას და აპირებდნენ ფარულ ჩაწერას რას ისაუბრებდა ეს ბავშვი და პროკურატურამ ეს საქმე გაყიდა ასე რომ ვთქვათ. ფაქტია ზეწოლა მიმდინარეობს არამარტო ამ ბავშვზე, არამედ ყველა მოწმეზე მიმდინარეობდა პირველივე დღიდან. ზოგზე ზეწოლა მიმდინარეობდა, ზოგი მართლაც სცემეს, რასაც პირდაპირ ადასტურებს მიხეილ კალანდია თავის ჩვენებაში რომ გვერდით ოთახში მამაჩემს სცემდნენო და ჩემს ცემასაც აპირებდნენ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, თავდაპირველად საქმის ფალსიფიცირება მირზა სუბელიანის დავალებით დაიწყო, უკვე ერთ თვეში კი პროკურატურამ უკან დახევა ვეღარ შეძლო, საქმე იმდენად დამძიმდა. სარალიძე აცხადებს, რომ მოწმე მენაბდემ, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, თავიდანვე ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას.
„საინტერესო რა არის იცით, მენაბდეზე არის ჩაწერილი დაკითხვის ფარული ჩანაწერი. იქ რაღაც-რაღაც დეტალებს ლაპარაკობს. კალანდიასაც ახსენებს, ძალიან საინტერესო დეტალებზე საუბრობს, მაგრამ პროცესზე შეცვალა ჩვენება, სულ სხვა რაღაცეები ილაპარაკა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.