რუსეთის ფედერაციის მიერ ჰააგის სასამართლოში წარდგენილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებები - „ევროპული საქართველო“ იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად არის წარდგენილი.
საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რამდენად საშიშია ქვეყნისთვის ზურაბიშვილის რუსული რიტორიკა.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები ოკუპანტს გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა.
„როგორც იცით, საქართველომ შეიტანა ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამ სარჩელთან დაკავშირებით რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, შესაგებებელი სარჩელი და რუსეთის საპასუხო სარჩელში ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია, სწორედ ციტატები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ეს არის უკვე მომხდარი და უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილის მოსაზრებებს და მის ხედვას იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და გაამართლოს ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად. ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი