„ევროპული საქართველო“, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს თავდაუსხმელობის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ვაშაძის კომენტარს, როდესაც მან "ევროპული საქართველოს“ წევრები გააკრიტიკა. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, პარტიის წევრები ამბობენ, რომ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლა რევანშისთვის სურს.
გრიგოლ ვაშაძის კრიტიკას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ უპასუხა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა „ევროპულ საქართველოზე“ გაკეთებული კრიტიკული განცხადებით, ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი.
„მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა „ევროპული საქართველოს“ მიმართ, რაც პირდაპირ მინდა გითხრათ, არ არის ახალი. მათ ევროპის სახალხო პარტიასთან მემორანდუმის მოწერის დღესვე და მეორე დღიდანვე დაიწყეს ამ ხელშეკრულების, ამ შეთანხმების დარღვევა . სამწუხაროდ მათ უბრალოდ სტრატეგია ჰქონდათ ოპოზიციური ძალის „ევროპული საქართველოს“ დაზიანების და დასუსტების და გვებრძოდნენ მთელი ამ პოლიტ პერიოდის განმავლობაში , ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულიყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე და ეს არ არის ახალი. ზოგადად მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.