03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
„წიგნიერი” - ეროვნული ბიბლიოთეკა ლიტერატურული ესეების კონკურსს ატარებს

ეროვნული ბიბლიოთეკა ლიტერატურული ესეების კონკურსს იწყებს, რომელიც IX და X კლასელებისთვის არის განკუთვნილი. 

კონკურსის სახელწოდებაა "წიგნიერი" და ჩატარების მიზანი, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, "კითხვის პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეების წახალისებაა."

კონკურსში მონაწილეობისთვის სკოლის მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი,” მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა” და თეონა დოლენჯაშვილის „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე.”

კონკურსის ჩატარების დღეს სკოლის მოსწავლეებმა ამ ნაწარმოებების მიხედვით ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა დაწერონ ესე (დაახლოებით 600 სიტყვა), რომლის სათაური მათთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

კონკურსის გამარჯვებულები 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

„წიგნიერი” ყოველწლიური იქნება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდება. „წიგნიერის” გამარჯვებულები ეროვნული ბიბლიოთეკისგან, „ჯეოსელისა” და ბანკ „რესპუბლიკისგან” პრიზებს მიიღებენ,” - განმარტავენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა: 23 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით მოსწავლეებმა  შეავსონ სარეგისტრაციო ბლანკი:  https://docs.google.com/forms/d/1Af3wt507ifcVdfrhZUx63v-OlI7mDewjRAXCZWFNae4/viewform

კონკურსი კომპანია „ჯეოსელისა” და ბანკ „რესპუბლიკას” პარტნიორობით ტარდება. 

 

დღის ამბები