19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
დაუქნიეთ თავი, აიღეთ თანხა, 28 ოქტომბერს კი ისევე მოატყუეთ "ქართული ოცნება", როგორც მათ მოგატყუეს 2012 წელს - ხაბეიშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს  ​

"ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატები გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ იმ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურებიან, სადაც მათი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დასტურდება. 

ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერსა და ცესკოს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებს შეწყვიტონ ზეწოლა საჯარო მოხელეებზე.

საუბარია ახალ სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც ჩანაწერის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჩანაწერის შინაარსი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

"ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, სადაც საჯარო მოხელეებს დედაქალაქის მაფიოზი მერი კახი კალაძე აიძულებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს.

ჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დავალება მიღებული იმისთვის, რომ პრეზიდენტად აირჩიონ სალომე ზურაბიშვილი"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი მოუწოდებს ყველა საჯარო მოხელეს, რომ 28 ოქტომბრამდე არ გააპროტესტონ მათზე მიმდინარე ზეწოლა, გამოართვან თანხა მმართველ გუნდს, დათანხმდნენ ყველა პირობას, თუმცა 28 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან გააკეთონ საკუთარი ნამდვილი არჩევანი.

„როგორც მოგატყუათ ქართულმა ოცნებამ თქვენ 2012 წელს, ისევე მოატყუეთ თქვენ“- მიმართა ხაბეიშვილმა ამომრჩეველს.

საკრებულოს დეპუტატი ლილე ლიპარტელიანი ცესკოს ვალდებულების შესრულებისა და მომხდარ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ლიპარტელიანი ამბობს, რომ არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვა ხდება.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ კომისიის წევრებს , ოლქის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს , დანიშნულ კომისიის წევრებს „ქართული ოცნებიდან“ თანხებს გადასცემენ 150-150 ლარებს ურიგებენ და მოვუწოდებთ ამ ყველაფერზე მოახდინონ რეაგირება,“ -ამბობს ლიპარტელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები