მმართველი გუნდის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მესამე სექტორის მისამართით გამოთქმულ მწვავე კრიტიკას ეხმაურებიან.
თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს შესაძლოა წვლილი მიუძღოდეს 7 ნოემბრის აქციის დაშლაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი იუსტიციის მინისტრის პათოსს იზიარებს და აცხადებს, რომ არაობიექტური შეფასებები არავინ არ უნდა დატოვოს უპასუხოდ.
„იუსტიციის მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მე ვფიქრობ, რომ ღირსეულად უნდა პასუხობდეს იმ არაობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ჩვენს პოზიციას, არამედ საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების დასკვნებს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თეა წულუკიანმა მესამე სექტორის წარმომადგენლები მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.
მინისტრს დღეს კრიტიკის ობიექტმა, ეკა გიგაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯის შელახვას ცდილობს.