19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა - დავით ბაქრაძე იუსტიციის მინისტრის მიერ მესამე სექტორის კრიტიკას აფასებს

„ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. 

განცხადება წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკეთა და თქვა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს შესაძლოა, წვლილი მიუძღოდა 7 ნოემბრის აქციის დაშლაში.

დავით ბაქრაძე თეა წულუკიანს მესამე სექტორზე განხორციელებული თავდასხმის გამო აკრიტიკებს. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, წულუკიანის გაღიზიანება სწორედ პანელზე სიტყვით გამომსვლელის კითხვამ გამოიწვია, რომელიც საქართველოში არსებულ ელიტურ კორუფციას შეეხებოდა.

„ნაცვლად იმისა, რომ პასუხს სცემდეს სახელისუფლებო კორუფციის შესახებ კითხვას, ქალბატონი წულუკიანი დაუპირისპირდა არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიან ოპოზიციურ სპექტრს, დაუპირისპირდა მედიას და ჟურნალისტებს, ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თეა წულუკიანმა მესამე სექტორის წარმომადგენლები მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.

მინისტრს დღეს კრიტიკის ობიექტმა, ეკა გიგაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯის შელახვას ცდილობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები