პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრის მიერ არასამთავრობო სექტორზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
საუბარია წულუკიანის მიერ კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელ ეკა გიგაურს, შესაძლოა წვლილი ჰქონდეს შეტანილი 2007 წლის 2 ნოემბრის აქციების დაშლაში.
თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაცია წულუკიანის განცხადებების მიუხედავად არ შეილახება.
„ეს ცხადია, ვერანაირად ვერ შელახავს ვერც ამ ორგანიზაციის რეპუტაციას და ვერც პირადად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის რეპუტაციას. ეს უბრალოდ, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ ხელისუფლების სახეს საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო აჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს საქართველოს ამომრჩევლის ხელით,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
თეა წულუკიანმა მესამე სექტორის წარმომადგენლები მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.
იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ შესაძლოა ორგანიზაციის ხელმძღვანელს წვლილი მიუძღოდა 7 ნოემბრის აქციის დაშლაში.
წულუკიანს დღეს კრიტიკის ობიექტმა, ეკა გიგაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯის შელახვას ცდილობს.