საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს, ჰააგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავისა და ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი პასუხობს.
ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც არ წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელსაც მისი განცხადებით, მხარი დავით ბაქრაძემ და მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა.
ვოლსკი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა 2008 წელს და „რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსული სცენარის განხორციელება იყო.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სწორედაც მიუთითებს იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კასეტური ჭურვებით დაბომბვის შემდეგ განხორციელდა და მოხდა ეს ფართო საომარი მოქმედებები.
ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც დათო ბაქრაძემ და მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველმა და ახალმა დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტობის კანდიდატს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც საერთაშორისო დოკუმენტში არ არის ჩამოყალიბებული.
რუსეთი რას გამოიყენებს ეს რუსეთის საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ის რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განხორციელდა და გაკეთდა რუსული სცენარის მიხედვით,“-ამბობს გია ვოლსკი.
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებებს ჯანდაცვის მინისტრიც ეხმაურება.
დავით სერგეენკო ამბობს, რომ ჰააგის სასამართლო მსოფლიოში უმაღლესი ინსტიტუციაა, რომელიც სამხედრო დანაშაულს განიხილავს.
მისი თქმით, ასეთი სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებებს და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან.
სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასამართლო დოკუმენტებით იხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთ-საქართველოს შორის შეჩერებულია და შესაბამისად რუსულ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამების შეტანა ბევრს არაფერს შეცვლის.