გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში საზღვაო ჰოსპიტალში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მან კოალიციის გეგმები და ხედვები გაუზიარა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 28 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯანდაცვის სფერო ახალი კოალიციური მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
მისი თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ბავშვთა ჯანდაცვა სწრაფად მოსაგვარებელი საკითხებია.
ვაშაძის განცხადებით, ბავშვთა სამი კლინიკა აშენდება, სადაც მოქალაქეებს კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და ასევე გაიაფდება წამლები.
"სახელმწიფო აქაც, სამედიცინო სფეროში არის გასული მომსახურების ზონიდან იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, არის დაკავებული კრიმინალური რაზბორკებით, როგორც ამას ფარცხალაძე და სუბელიანი ბრძანებენ. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკეთდეს ის, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, როგორ უნდა იყოს დაზღვეული პაციენტი , რომელი კატეგორიები უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, დაზღვეულები და შემდეგ უნდა დავფიქრდეთ ექიმის და ექთანის შესაბამის ანაზღაურებაზე, რომ ამ ადამიანებმა, შესანიშნავი გრძნობაა პატრიოტიზმი, მაგრამ მარტო პატრიოტიზმისთვის არ იმუშაონ იმიტომ, რომ მათაც ჰყავთ ოჯახები და მათაც აქვს ყოველდღიური საჭიროებები და აუცილებლად საჭიროა ჩვენ ექიმების, ექთნების თანაფარდობა გავაკეთოთ ისეთი, როგორიც ეს არის ევროპულ ქვეყნებში და ა.შ. ექნება პროგრამა გაერთიანებულ ოპოზიციას, ახლა ვმუშაობთ და ზუსტად ამისთვის ვუსმენთ სპეციალისტებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.