19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ზურაბიშვილის ახალი დამფინანსებლები - ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მას 60 ათასი ლარი, ფოთის მერმა კი - 40 ათასი ლარი ჩაურიცხა

ქართული ოცნების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის ახალი დამფინანსებლების ვინაობა ცნობილია.

როგორც ირკვევა, მსხვილ შემომწირველებს შორის არის პატარკაციშვილის ოჯახი, ქართუ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები, ასევე საჯარო მოხელეები და ის ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებით სარგებლობენ და სახელმწიფოსგან მილიონობით ლარის დახმარებას იღებენ. ყველა მათგანმა სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე მაქსიმალური თანხა 60-60 ათასი ლარი ჩარიცხეს.

უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს შორის არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია, რომელმაც ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი გადაურიცხა. ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, რომელმაც ზურაბიშვილი 40 ათასი ლარით დააფინანსა.

„ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა არის ის, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის. ვიცნობ მის პროგრამას, ვემხრობი და ვფიქრობ, რომ მისი პრეზიდენტად გახდომა ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ -ამბობს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.

თუმცა, კურდღელია ვერ ასახელებს კონკრეტულად ვერცერთ პუნქტს, რომელიც მას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაში მოსწონს. ფოთის მერი ზოგადი პასუხით შემოიფარგლება და ამბობს, რომ მას მოსწონს ზურაბიშვილის, როგორც საგარეო ხედვა, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართ მიდგომები.

არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციის დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, ამბობს, რომ ყველა ის პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში 20 ათას ლარზე მეტს ხარჯავს, სამთავრობო პროგრამებით მოსარგებლე პირები არიან და მათ დაფინანსების სახით ათი ათასობით ლარი უკვე აქვთ მიღებული.

დღის ამბები