ნებისმიერი ტელევიზიიდან და მათ შორის თქვენი ტელევიზიიდან, უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი - პრემიერი ბიძინა ივანიშვილს ციტირებს და ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს არავინ დამუქრებია.
როგორც მამუკა ბახტაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ მედიაში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. ხოლო ივანიშვილის ნათქვამის შეფასება, თითქოს ვინმე ტელევიზიას ემუქრება, პრემიერს არასერიოზულად ეჩვენება.
„მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან, მათ შორის თქვენი ტელევიზიიდან („რუსთავი 2“-დან) უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, ეს არასერიოზულია, დამერწმუნეთ. მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და ჟურნალისტური სტანდარტი უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა თვითონ მედიის გადასაწყვეტია ამ სტანდარტებს თუ დაიცავს.
"ის, რომ არ ისმის განსხვავებული აზრი და ის, რომ გარკვეული ადამიანები მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად, ეს ჩემი აზრით სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 3 ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, მათ შორის "რუსთავი2"-ს.
მისი თქმით, პიარ ჯგუფები მუშაობენ, რათა "რუსთავი 2"-ში განსხვავებული აზრი შევიდეს. ივანიშვილი ამბობს, რომ თუ "რუსთავი 2"-ს გამორთავენ, მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობისა და აღმავლობის გარდა, ვერაფერს ნახავს.