„შეზღუდვების დაწესება, მათ შორის კარვის დადგმაზე, მათ შორის კონსტრუქციების დადგმაზე, რაც ხდება რუსთაველზე, არის უკანონო,“- ამის შესახებ ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ჩიტიძემ განაცხადა. ის ზაზა სარალიძის დაკავებას გამოეხმაურა.
იურისტის თქმით, მუხლის კვალიფიკაცია, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას ედავებიან, არასწორია.
ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლით, რაც პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
"ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ პოლიციელის ქმედება ამ შემთხვევაში იყო კანონიერი, შესაბამისად, მასზე თავდასხმა, როგორც პოლიციელზე, როგორც ადამიანზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა, არ მომხდარა. შესაბამისად, მინიმუმ, ის ქმედება, რასაც ედავებიან ბატონ სარალიძეს, მას არ ჩაუდენია და ნებისმიერი სასამართლოს პირობებში ეს ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს და ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ამას მიუკერძოებლად მიუდგება, ვერ დაინახავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რასაც მას ედავებიან,“- განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ჩიტიძემ.