„ამ ეტაპზე ოჯთ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე,“ - ეს განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ომეგა ჯგუფის მიერ საქმიანობის განახლების შემდეგ გაავრცელა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ომეგას თამბაქოს ქარხნის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი ჩარიცხა, რის შემდეგაც კომპანიას მოეხსნა ყადაღა.
„26 ოქტომბერს კომპანია ოჯთ-მ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.
"შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ოჯთ-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.
"ამ ეტაპზე ოჯთ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ოჯთ განაგრძობს ვალის კეთილსინდისიერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა შედის სახელმწიფოს ინტერესებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.