„უბნების დახურვამდე საათნახევარია დარჩენილი, თუმცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ,“- ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზალიკო უდუმაშვილმა გააკეთა.
„აგონიაში მყოფი ხელისუფლება შეეცდება, რომ მანიპულაციებით კორექტირება შეიტანოს არჩვენების შედეგებში, თუმცა არ მივცეთ არავის საშუალებას, რომ თქვენი ხმები მოიპაროს ან გააყალბოს,“- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.
ზალიკო უდუმაშვილმა საარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მასობრივად დაიწყო საარჩევნო უბნებზე ხალხის შეშვება მარკირების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთში გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„თბილისის 133-ე საშუალო სკოლაში 47-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წევრები საუბრობენ ამომრჩევლისთვის გადასაცემი ფულის დათვლაზე, ამის ვიდეომასალა არსებობს. ბოლნისში სოფელ დარბაზში 27-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციებს აწყობენ, უნდათ უბნის ჩაშლა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უბნიდან გამოაგდეს. ყვარლის მე-19 უბანი, სოფელი გავაზი - იყო მისული ქალაქის მერი, ის ეწეოდა აგიტაციას და ახდენდა ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.