„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური,“ - ეს განცხადება, „შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
დავით უსუფაშვილი არჩევნების დასრულებას აფასებს და ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში იქნებიან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.
„მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე არ ვიცი რომელი იქნება პირველ და რომელი იქნება მეორე ადგილზე, როგორც ჩანს, ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამისთვის და მინდა, მივმართო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
Edison Research-ის ეგზიტპოლების შედეგის მიხედვით მეორე ტური გაიმართება.
დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, ათასობით ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა.