ოპოზიცია კონსულტაციებისთვის ემზადება. ის ვინც მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს, სპეციალურ საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანდება.
ყველა მინუს ერთი - ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელოდებიან ყველა პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები კონსულტაციებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
“ბუნებრივია მისაღებია ეს წინადადებები და ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ამ და სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, რათა მომავალში, ერთიან ფორმატში, წარმატებით დავასრულოთ ქართული საზოგადოების ერთიანი კონსენსუსი, „ქართული ოცნების“ სახლში გაშვებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
კონსულტაციებში ერთვებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები. დავით ბაქრაძემ გაასაჯაროვა ინიციატივა ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბის შექმნის შესახებ. რა ფორმატით იმუშავებს შტაბი ჯერ უცნობია. სწორედ ეს იქნება თავდაპირველად კონსულტაციების თემა.
„მნიშვნელოვანია მეორე ტურში მოხდეს მაქსიმალური მობილიზება იმ ძალების ვისაც აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ კანდიდატს და ამ შემთხვევაში ეს არის გრიგოლ ვაშაძე. იყოს უფრო კონკრეტულად საორგანიზაციო სტრუქტურა, სადაც უფრო ოპერატიულად მოხდება გარკვეული კოორდინაცია და ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი.