გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ახალ ვიდეო მტკიცებულებებს ასაჯაროებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამის დასტური ის ვიდეო მასალებია, რომლებიც შტაბში ამ დრომდე იგზავნება.
ბეჟაშვილის თქმით, ახალი ვიდეო მასალა თბილისში, ისნის რაიონში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ დარღვევას ასახავს.
მისი თქმით, უბანზე მისულ მოქალაქეს, რომელიც ბიულეტინის ჩასადებად კონვერტის ასაღებად კომისიის წევრთან მივიდა, კონვერტში სხვა ბიულეტინი დახვდა მოთავსებილი, კონვერტში ჩადებულ ბიულეტინზე კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი იყო შემოხაზული.
„კომისიის წევრს უბრალოდ შეეშალა ამომრჩეველი, რომლისთვისაც უნდა მიეცა უკვე შემოხაზული, გამზადებული ბიულეტინი, მოხდა ჩოჩქოლი რაზეც რეაგირება მოახდინეს ჩვენმა წარმომადგენლებმა.
მოვითხოვთ უკვე არა ჟვანიასგან, იმიტომ რომ ჟვანიას სისხლის სამართლის საკითხი ცალკე უნდა დადგეს ასეთი ფაქტების გამო. მოვითხოვთ, პროკურატურისგან, რომ დაკავებული იქნას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყველა წევრი,“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.