19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
საქართველოს რკინიგზას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ - კორუფციული სქემის კვალი ოთარ ფარცხალაძესა და უჩა მამაცაშვილთან მიდის

საქართველოს რკინიგზას ბიზნესმენები კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. Crossline Logistics-მა და სომხურმა კომპანიამ AG Fuel-მა ფოთიდან სომხეთში ნავთობის გადაზიდვის ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო კომპანიასთან გააფორმეს, თუმცა, რკინიგზას ტვირთი არ გადააქვს, უკვე რამდენიმე თვეა, ბენზინი პორტშია გაჩერებული.

Crossline Logistics-ის დირექტორი, ლაშა ფარულავა, ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზა მხოლოდ რუსულ ლუკოილთან და როსნეფტთან თანამშრომლობს და მათ ქართველ პარტნიორებთან კორუფციულ გარიგებაშია.

სომხური ნავთობიმპორტიორი კომპანიის AG Fuel-ის დირექტორი ყვება, რომ ლუკოილი და როსნეფტი სომხეთშიც მონოპოლისტები იყვნენ, თუმცა, მთავრობის შეცვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.

საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების სამსახურში კი ბიზნესმენების ბრალდებებთან დაკავშირებით პასუხს არც მედიას სცემენ.

საქართველოს სახელმწიფო რკინიგზაში არსებულ მდგომარეობას უკვე დიდი ხანია, სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia.

ვასო ურუშაძე ამბობს, რომ მონოპოლიის სქემა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა და ყოფილმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, შექმნეს.

განახევრებულ შემოსავლებსა და საერთაშორისო ასპარეზზე გაფუჭებულ იმიჯზე საუბრობენ დარგის ექსპერტები. ექსპერტები თვლიან, რომ შემოსავლის შემცირება სწორედ კორუფციამ და მონოპოლიებმა განაპირობა.

გადამზიდავი კომპანიები დანებებას არ აპირებენ. ისინი საგამოძიებო უწყებებს საქართველოს რკინიგზაში არსებული მდგომარეობით დაინტერესებას ურჩევენ.

დღის ამბები