19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ზურაბიშვილს 2 არჩევანი ჰქონდა - მას ან უნდა უარი ეთქვა მეორე ტურზე, ან უნდა შეგუებოდა იმას, რომ მეორე ტურშიც მარცხდება - ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ორდღიანი დუმილის მიზეზად, პოლიტიკურ ვაჭრობას ასახელებს. მათი მტკიცებით, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ორი არჩევანი ჰქონდა - მოეხსნა კანდიდატურა, ან მეორე ტურშიც მარცხს შეგუებოდა. განსხვავებულად აფასებენ შექმნილ ვითარებას "ქართული ოცნების" ლიდერები. მათი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლისას, საზოგადოებას ზუსტი გზავნილები მიაწოდეს - არჩევანი ძალადობას და თავისუფლებას შორის.

"ძალიან კარგი გზავნილები იყო, ძალიან ზუსტი ემოცია გამოხატული. ჩვენ ეხლა ყველანი ვაერთიანებთ ყველა ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს საქართველომ. ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი ძალადობასა და თავისუფლებას შორის,"-აცხადებს ეკა ბესელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედის იმ ბრძოლაში, რომელიც ზურაბიშვილმა აირჩია და განმარტავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მეორე ტურში დამარცხდება.

"დღეს სახეზე ეწერა მთელ "ქართულ ოცნებას" და სახელისუფლებო კანდიდატს რა განწყობაა ზოგადად გუნდში. სალომე ზურაბიშვილს 2 არჩევანი ჰქონდა - მას ან უნდა უარი ეთქვა მეორე ტურზე, ან უნდა შეგუებოდა იმას, რომ მეორე ტურშიც მარცხდება. კი ბატონო, ჩვენც შევდივართ ამ ბრძოლაში,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება იმ შედეგს, რაც პირველ ტურში დადგა, არ ელოდა და ეს მათთვის მძიმე იყო. რაც შეეხება მეორე ტურს, გიგი წერეთელი ამბობს, რომ ეს მძიმე ბრძოლა იქნება და ამომრჩევლებს პირველი ტურის გამარჯვების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. 

"რა თქმა უნდა ეს 2 დღე ძალიან მძიმე იქნებოდა ხელისუფლბისთვის იმიტომ, რომ ასეთ დარტყმას ისინი ალბათ არ ელოდნენ. იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ის გადაწყვეტილება, ის მონაპოვარი, რაც ეხლა არის პირველ ტურში, გამარჯვება ოპოზიციის, ეს უნდა იყოს შენარჩუნებული,"-აცხადფებს გიგი წერეთელი. 

დღის ამბები