19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ენზელ მკოიანმა პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიშა აღაბალიანს - გაერთიანებული ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარი ფაქტის საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს

გაერთიანებული ოპოზიციის სასტიკად ნაცემი მხარდამჭერების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს. ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებზე მომხდარი თავდასხმიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი ამ დროში საკუთარი ძალებით, ექსპერტების,იურისტებისა და გამომძიებლების მონაწილეობით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა.

დამოუკიდებელი გამოძიების პირველადი შედეგები გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროვა.

„სამწუხაროდ სამართალდამცველი ორგანოები, სათანადო მოქმედებებს არ ატარებენ. მთელი ღამე ვადგენდით რა მოხდა ახალქალაქში და რას ჰქონდა ადგილი.

"თავდასხმა დაიწყო 23:00-დან 00:00 საათამდე შუალედში, როცა მიშა აღაბალიანს მიჰქონდა საჩივარი საოლქო კომისიაში. გზაში მას თავს დაესხა 20-მდე ადამიანი და  ენზელ მკოიანი. თვითონ მან პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიშა აღაბალიანს. ცემა გრძელდებოდა 10-15 წუთის მანძილზე და უმძიმეს მდგომაროებაში დატოვეს ქუჩაში. ის ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაესხა თავს ენზელ მკოიანი,“-ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ, აღნიშნული ჯგუფი, გრიგოლ ვაშაძის შტაბთან მიიჭრნენ, სადაც იმყოფებოდნენ აბრამ აბრაჰამიანი და ტიგრან აბრაჰამიანი. მათაც სასტიკად გაუსწორდნენ. ვაშაძის თქმით, ამ თავდასხმაში უშუალოდ არტურ მკონიანი, ენზელ მკოიანის ძმა მონაწილეობდა.

„შემდეგ უკვე აშოტ რაისიანი ჩამოვიდა შტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის განსატვირთად და ისიც სასტიკად არის ნაცემი. ჩვენს მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებები, ეს არის პირადობის მოწმობა ენზელ მკოიანის ძმის, რომელსაც საფულე დაუვარდა. არსებობს ვიდეოგადაღება დეტალური,“- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე ამბობს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, თუმცა სამართალდამცველები ამ დრომდე ადექვატურად არ რეაგირებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს შეუწყდეს დეპუტატი უფლებამოსილება. ოპოზიცია ასევე ითხოვს ჰასმიკ მარაგოზიანის დასჯას, რომელიც ახალქალაქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.

გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიცია საექიმო საქმიანობის მიმართულებით გამოძიების დაწყებასაც ითხოვს, რადგან ვაშაძის თქმით, ახალქალაქის საავადმყოფოდან ექიმებმა მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტები საავადმყოფოდან იმიტომ გაწერეს, რომ მათ ცემაში დეპუტატი ფიგურირებდა.

 

დღის ამბები