19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების შერჩევას განაგრძობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების შერჩევას განაგრძობს. დღეს 7 კანდიდატს მოუსმინეს. მათ შორის იყო გახმაურებული საქმეების და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის ავტორი გიორგი არევაძე, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალების გამო, მესამე პრეზიდენტს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„უკვე 10 წელი მისრულდება რაც მოსამართლე ვარ და ვფიქრობ, მაქვს იმის რესურსი და ამბიციაც, ვფიქრობ უნდა მქონდეს, რომ ჩემი უფლებამოსილება განვახორციელო თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ბუნებრივია, ეს გადასაწყვეტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი,“ - განაცხადა  მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი არევაძემ.

მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატია, ხმაურიანი საქმეების პროკურორი რევაზ ნადოი. მოსამართლეობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება კენჭისყრის საფუძველზე უნდა მიიღოს. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ კანდიდატებს მრავალფეროვან კითხვებს დაუსვამენ, მათ შორის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზეც. 

„კითხვები არის ძალიან მრავალფეროვანი, არის პროფესიული კითხვებიც, მათ შორის არის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზეც კითხვები, ძალიან მრავალფეროვანი კითხვები დაესმის ყველა კანდიდატს სხვადასხვა მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები