„ბიძინა ივანიშვილი ძირითადად უსმენდა, თუმცა, თავის შენიშვნებიც ჰქონდა,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც „ოცნება“ წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდა.
გიორგი ვოლსკის თქმით, შეხვედრის დროს იმ ხარვეზებსა და შეცდომებზე იმსჯელეს, რაც წინასაარჩევნოდ დაუშვეს.
„ხარვეზები, აქტივობა, ჩართულობა იგივე ჩვენი გუნდის წევრების უფრო აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა, არის საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, კოორდინატორების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები,“ - ამბობს ვოლსკი.
ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მეორე ტურისთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
„ზურაბიშვილი ესწრებოდა შეხვედრას, ის საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და არაოპტიმისტური განწყობის არავითარი საფუძველი და წინაპირობა არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველი გუნდის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. დილიდან კი მმართველი პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. ცნობილია, რომ შეხვედრაზე მმართველი გუნდი წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდა.