„ვახდენთ ჩვენი რესურსის, ჩვენი პოტენციალის სრულ მობილიზაციას,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ივანიშვილსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ცნობილია, შეხვედრის დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ივანიშვილთან ერთად, წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.
ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში ვერ გამარჯვებას მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებს და არა ამომრჩეველს.
სესიაშვილი განმარტავს, რომ დამარცხების ძირითადი მიზეზი ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაცია იყო.
„კომუნიკაციის პრობლემა იყო, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, ეს ჩვენი, თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. ბევრი სახელმწიფო საქმით ვართ დაკავებული, მე პირადად იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, მათ შორის, რაც თავდაცვას, უსაფრთხოებას შეეხება, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შეეხება, მათ შორის, შესახებ ყოველდღიურ გამოწვევებს, რაც უსაფრთხოების სისტემაში არის, რომ მე პირადად მაჟორიტარი ვარ ამასთანავე და არ მყოფნის დრო, რომ საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან. ეს მართლაც ჩემი პრობლემა არის და მე ჩემს ამომრჩეველს ამ მხრივ ბოდიში უნდა მოვუხადო,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. დილიდან კი მმართველი პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. ცნობილია, რომ შეხვედრაზე მმართველი გუნდი წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდა.