საარჩევნო პროცესი და მასობრივი გაყალბება, რომელიც ამ პროცესს თან ახლდა - ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან კრიტიკული შენიშვნები მოისმინა და მეორე ტურის არჩევნების კამპანიისთვის სამზადისის დეტალები განიხილა.
„ყველა შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში (შეგვიძლია პასუხი მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციაზე ვაგოთ), არავითარი დაპირისპირება, არავითარ პროვოკაციაზე წამოგება, არავითარი ზიზღის ენა არ იქნება. წყნარად, ცივილიზებულად, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რამაც ასეთი წარმატება მოგვიტანა პირველ ტურში“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდნენ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატისგან იმ გეგმებზე ისაუბრონ, რაც მას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში აქვს დასახული.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია პოზიტიური საარჩევნო კამპანია გაიმართოს და არ შეიძლება მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაციის ესკალირება.
„ცხადია დავაკვირდებით მეორე ტურს, მზად ვართ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც შევხვდეთ“-ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია, მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად მოახერხოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარება და არ გამოიყენოს ძალა სასურველი შედეგის მისაღებად.