19 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
უფრო მოვეფერებით, დავინტერესდებით მათი პრობლემებით და აქედან გამომდინარე, შედეგსაც დავდებთ - საპარლამენტო უმრავლესობა ამომრჩეველზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა დასრულდა, სადაც გუნდი წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდეგ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მეორე ტურისთვის უფრო გააქტიურდებიან და ამომრჩეველთან მეტი კომუნიკაციის დამყარებას შეეცდებიან.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, კარლო კოპალიანის თქმით, მეორე ტურისთვის გუნდი მიდგომას შეცვლის და უფრო გააქტიურდება.

„ჩვენ აბსოლუტურად შევცვლით მიდგომებს, ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და მინდა დაგარწმუნოთ, რომ 1000-პროცენტიანი მოვიგებთ. ყველა დიდ ქალაქში ჩვენ ცუდი შედეგები გვაქვს, უფრო მოვეფერებით, უფრო მივალთ, დავინტერესდებით მათი პრობლემებით და აქედან გამომდინარე, შედეგსაც დავდებთ,“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

პირველ ტურში სასურველი შედეგის ვერ მიღებას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი, მირიან წიკლაური განმარტავს და ამბობს, რომ გუნდმა სრული მობილიზაცია ვერ შეძლო.

მირიან წიკლაური ამბობს, რომ გუნდის ზოგიერთმა წევრმა, შეიძლება ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება წინასაარჩევნოდ.

„ბატონი ბიძინა, რა თქმა უნდა, განუზომელია მისი ავტორიტეტი და ალბათ, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება ამ არჩევნებში,“ - განაცხადა წიკლაურმა.

პირველ ტურში დაშვებული შეცდომების გაანალიზებისკენ მოუწოდებს თანაგუნდელებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი.

„საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღარ დაგვიჭირა ხელი. ანუ ჩვენ მიერ აღებული ხმების რაოდენობა არის მცირე. შიში ამ შემთხვევაში არ არის, პოლიტიკური გზავნილი არის საზოგადოების მხრიდან, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თქვა, რომ მე რაღაც არ მომწონს, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაკორექტიროთ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები