გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სახალხო დამცველს ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებულების მონახულებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გააკეთა, სადაც მან თავდასხმის დროს დაშავებულები მოინახულა.
„მე მოვუწოდებ სახალხო დამცველს, მოვიდეს და პირადად მოინახულოს, სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ეს მისი მხრიდან აუცილებელი და სავალდებულოა ამ პირობებში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა თავდასხმის ორგანიზატორები დაისაჯონ.
ვაშაძე ოპოზიციური გაერთიანების ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საარჩევნო შტაბზე თავდასხმას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.
„ყველა პროცედურა იქნება დაცული და ყველა ფაქტს დავადგენთ, ენზელ მკოიანი, ჩვენი უკვე გამოკვლეული ფაქტებით, სწორედ ის გახლავთ ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდფორმირების ხელმძღვანელი,"-აცხადებს ვაშაძე.
ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შტაბის წევრების მტკიცებით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.