19 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
"მე მგონი, არ დარჩა არავინ, ვინც ერთმანეთს არ ემუქრებოდეს ახლა" - ეკა ბესელია TI-ის ხელმძღვანელზე განხორციელებული მუქარის შესახებ საუბრობს 

ეკა გიგაურის მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ განცხადებები გაკეთდა უმრავლესობაში. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ თუკი "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელის მიმართ განხორციელებული მუქარა რეალურია, ამას შესაბამისი უწყება გამოიძიებს.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, გამოძიებას მუქარის შემცველი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეკა გიგაური გამონაკლისი არ არის და მუქარის შემცველ შეტყობინებებს უამრავი ადამიანი იღებს.

„ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოკითხვა, გადამოწმება. ახლა სოციალურ ქსელში ხდება, არ ვიცი, მეც და ყველა ადამიანი ისეთ საოცრებებს ვიღებთ ღიად, პირადში, არ ვიცი ვინ რას წერს. საოცრება ხდება, თქვენ კარგად ხედავთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში. მე მგონი, არ დარჩა არავინ, ვინც ერთმანეთს არ ემუქრებოდეს ახლა. სადაც საჭიროა, რომ არის მართლაც მუქარა, სისხლის სამართლის კოდექსში აქვს დატვირთვა, ანუ რეალური მუქარა, რომელიც უკვე შეიცავს გარკვეულ დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ, როცა კონკრეტული განცხადებები გაკეთდა ამ შემთხვევასაც და სხვა შემთხვევებსაც,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრს, გიორგი ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ ეკა გიგაურის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან „ქართული ოცნება“ კავშირში ჰქონდეს.

„არამგონია, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ჩარევა იყოს ამასთან დაკავშირებით. მუქარები რაღაც თემასთან მიმართებაში, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, პიროვნებასთან მიმართებაში ეს არ არის "ქართული ოცნების“  ხელწერა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ თუ საჭიროა, უნდა იყოს გამოძიება ჩატარებული, ისე როგორც ჩვენ გვეკადრება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები