ე.წ. ქართული მარში მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ულტიმატუმს უყენებს - მარშელები „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერენ, თუ „ოცნება“ მათ ორ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პირველი მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონის პარლამენტიდან გაწვევაა, რაც პრაქტიკულად უკვე შესრულებულია, მეორე კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
მარშის შეთავაზების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და პასუხის საჯაროდ დაფიქსირებისკენ მოუწოდა. გიგა ბოკერიას აინტერესებს, ზურაბიშვილი არჩევნებს მეორე ტურის წინ ქართულ მარშს გაურიგდება თუ გაემიჯნება.
„ქართული ოცნება“ კი გამარჯვების მისაღებად მზად არის ქართული მარშის მხარდაჭერა მიიღოს. „ოცნებას“ ულტრა რადიკალური ორგანიზაციის სოლიდარობა არ ეუხერხულება, პარტიაში მხოლოდ ქართული მარშის კომუნიკაციის ფორმა და ულტიმატუმის ტონი არ მოსწონთ.
ხელისუფლება გამარჯვებისთვის ყველა გზას მიმართავს, რის გამოც, მეორე ტურის წინ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე, მხარდამჭერებს არჩევნებში კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
პრორუსულ ძალებთან ურთიერთობის შესახებ განმარტებას „ოცნებისგან“ ითხოვენ „რესპუბლიკელებიც“. პარტია, რომელმაც მეორე ტურის წინ, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა, „ოცნებისგან“ განმარტებებს ელოდება.
სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ქართული მარშის შეთავაზებისთვის დღეს პასუხი არ გაუცია.