პოლიტიკური კურიოზი ნინოწმინდაში - ნინოწმინდელების დიდი ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ-გელა სალუაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა. მიხეილ სალუაშვილის პოპულარობის მიზეზი არც მისი პოლიტიკური პროგრამა და არც საარჩევნო კამპანიაა. ადგილობრივების ნაწილს ის უბრალოდ სხვა პოლიტიკოსში აერიათ. ამომრჩევლებს ეგონათ, რომ კენჭს სააკაშვილი იყრიდა და ნომერი 28 შემოხაზეს.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში, ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის შემდეგ, საპატიო მეოთხე ადგილს მიხეილ გელა სალუაშვილი იკავებს. სალუაშვილი აქ თვალით არავის უნახავს, არც კამპანია უწარმოებია და არც ქუჩებში ყოფილა მისი პლაკატები, ჟურნალისტებმა გამოძიება დაიწყეს და გაარკვიეს, რომ ხალხს მიხეილის შემდეგ ბიულეტენში გვარისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია.
აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში არჩევნების წინ განზრახ შეიყვანეს, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ არჩევნებში კენჭს სააკაშვილი იყრიდა.
მიხეილ სალუაშვილს არ იცნობენ სოფელ დიდ ხანჩალში, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა 15 ხმა აიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას საერთოდ არ შეხვედრილან და დღეს პირველად გაიგეს მისი გვარიც.
პრეზიდენტობის კანდიდატმა სამართლიანობის აღდგენის კავშირიდან ნინოწმინდაზე მეტი ხმა ახალქალაქში აიღო.
სულიერი და პოლიტიკური პროგრამის გამართულობით ხსნის მიხეილ სალუაშვილს სამცხე ჯავახეთში ასეთ მაღალ მხარდაჭერას. სამართლიანობის აღდგენის კავშირის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივებმა იგი სულიერი საკითხების გამოყოფის გამო გამოარჩიეს.