აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ.
დაზარალებულები ერთ საათზე მეტია, რაც პარტიის ოფისთან იმყოფებიან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათგან პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.
დაზარალებულები ასევე აკრიტიკებენ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საპარლამენტო კომისიის წევრი იყო.
„შეიქმნა დადგენილება, თუმცა, ქალბატონი სალომე ორჯერ არ არის მოსული კომისიაში და რა ნამუშევარი აქვთ გაკეთებული და რა დადგენილება აქვს დაწერილი, წარმოდგენა ალბათ არ გააჩნია. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ დღესდღეობით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა, რომ იყოს. მას 2300 მეანაბრის საქმე არ მოუკითხავს. თუ მათ არ შეუძლიათ 2300 ოჯახის წევრების ინტერესების დაცვა დღეს სახელმწიფოში, მაშინ რომელ საქართველოს პრეზიდენტობაზეა საუბარი,“ - განაცხადა დაზარალებულმა, ანა ძნელაძემ.
მეანაბრეების აქციის ფონზე „ქართული ოცნების“ შტაბში პარტიის წევრების და რეგიონული წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მეორე ტურის სტრატეგიაზე მსჯელობენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი