„ქართული ოცნების“ ოფისში რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდებიან. მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მმართველი პარტიის სტრატეგიაა.
მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მეორე ტურისთვის შექმნილი ორი შტაბის მიზანს ამომრჩევლის სრული მობილიზება წარმოადგენს.
„შტაბების ამოცანა იქნება ერთი მხრივ აი ამ სეგმენტის მობილიზება არ მოსული ამომრჩევლის, მეორე - ის საპროტესტო ელექტორატი, რომელმაც რაღაცის განაწყენების გამო ხმა მისცა ოპოზიციურ კანდიდატს. აი ის ფაქტორები, რომლებიც არის ასახსნელი, გასარკვევი ამ ადამიანებთან და სწორი გზავნილის შეთავაზება, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი ამ მართლა შავ-ბნელ ძალას და მხარი დაუჭირონ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს. აი ეს გზავნილები შტაბებმა სწორად უნდა მიიტანონ ამომრჩევლამდე,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამომრჩეველთან კომუნიკაციის გაზრდას აანონსებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, პირველ ტურში საზოგადოების კრიტიკული განწყობა უსაფუძვლო არ იყო.
„საზოგადოებასთან უფრო მეტ აქტივობას დავგეგმავთ. რა თქმა უნდა, საზოგადოების ასე ვთქვათ, მკაცრი ხელი პირველ ტურში არ იყო უსაფუძვლო, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენი აქტიურობა ამ კუთხით ასე უნდა წავიდეს - რეალურად ის პრობლემები რაც საზოგადოებას გააჩნია, ამაზე კიდევ გაათმაგებული, ასე ვთქვათ, ძალით და რეჟიმით უნდა იქნას მუშაობა ჩატარებული,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
„ქართული ოცნების“ ოფისში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის თქმით, გუნდმა პირველი ტურისთვის სუსტი კამპანია აწარმოა, რაც შედეგებზეც აისახა.
„მე პირდაპირ ვაღიარებ, რომ სუსტად ვიმუშავეთ, სუსტად იმუშავა ყველა რგოლმა. ეტყობა, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და მე ჩემი შეცდომებიც დავინახე, დავინახე მერიის შეცდომები და გამოსწორების საშუალებაც არსებობს და ვუთხარით, რომ ასე უნდა ვიმუშაოთ, ასე უნდა გავაკეთოთ და იმედი მომეცა, რომ რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს,“ - განაცხადა ნოზაძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ივანიშვილთან და შტაბის ხელმძღვანელებთან ერთად ასევე ესწრებოდა პრემიერი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც უკვე დატოვა ცენტრალური ოფისი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი