სენაკის მოსახლეობა მერიასა და პროკურატურას, ადგილობრივი მალხაზ ყურაშვილის მიზანმიმართულ შევიწროვებაში ადანაშაულებს. მერიის წარმომადგენლებმა ყურაშვილს, მაღაზიის ოფიციალურად გადაცემა მოსთხოვეს.
მალხაზ ყურაშვილი სენაკის მერიისა და საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ფულის გამოძალვაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საქმეზე პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია.
„კონკრეტულად მივუთითეთ ვინ მომთხოვა და რანაირი თემა იყო საერთოდ საუბარში, ყველანაირად დავაკონკრეტე. 1000 ლარი, რომ წაიღო კახა რუსიამ ისიც არის ნახსენები. მერე არც დაკითხვაზე არც არაფერზე არაფერი არაა. რატომ წაიღო, რისთვის გამომართვა ისიც არ ვიცი,“ - აცხადებს მალხაზ ყურაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დააპატიმრონ ქალაქის მერი კუპრეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კახა რუსიაც.
„სენაკში არის ასევე ტოტალური კორუფცია, აგერ კუპრეიშვილი მერი ქალაქის, საკრებულოს თავმჯდომარე კახა რუსია, ასევე მექრთამეები, რომლებიც ფაქტიურად ვამხილეთ მექრთამეობაში პირდაპირ ეთერში, ფაქტიურად პირდაპირ ეთერში გამოვიძიეთ ეს საქმე და ადამიანი, რომელსაც ისინი ჩაგრავდნენ არ შეეპუა მათ, არ შეეშინდა, ამხილა ისინი კორუფციაში. მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილს, დააპატიმრეთ კუპრეიშვილიც და კახა რუსიაც,“ - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი სოსო მორგოშია ირწმუნება, რომ სენაკის მუნიციპალიტეტი თავად იყო დაინტერესებული იმაში, რომ იჯარის ხელშეკრულება გაგრძელებულიყო.
„მას არავინ არ ართმევს მის ქონებას. ეს არის სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრება, რომელიც მას ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებით დროებით აღებული და სენაკის მუნიციპალიტეტი პირიქით იქით იყო დაინტერესებული, რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელებულიყო, რაზეც თვითონ ბატონმა ყურაშვილმა რატომღაც განაცხადა უარი,“ - აცხადებს სოსო მორგოშია.