19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ვერ ვაკავშირებ მეორე ტურთან, უფრო საზოგადოების რეაქციასთან - სერგეენკო კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე საუბრობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევასთან ეხება.

დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობამ კანონპროექტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე მიიღო. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, მათ ბოლო პერიოდში კანონპროექტთან დაკავშირებით სასულიერო პირებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ჩემს წარმოდგენაში, გულწრფელად გითხრათ, ვერ ვაკავშირებ, მაინც და მაინც, მეორე ტურთან, უფრო საზოგადოების რეაქციასთან. საინფორმაციო სივრცეში არ მსმენია არაფერი იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში ამაზე ყოფილიყოს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, რადგანაც მათ უკვე თითქმის ერთი თვე იქნება, ცალსახად დააფიქსირეს მათი საბოლოო პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.

როგორც შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ იურიდიულად კანონპროექტი სრულად იყო გამართული, მთავრობა სრულად ითვალისწინებს ეკლესიისა და საზოგადოების აზრს, რის გამოც კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.

დღის ამბები