19 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
ტყიბულში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - მეშახტეები კუთვნილ ხელფასებსა და მუშაობის განახლებას ითხოვენ

ტყიბულში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მეშახტეების თქმით, მინდელის სახელობის შახტმა მუშაობა შეაჩერა.

იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები ვერ აღდგა, კომპანია ხელფასებს ვეღარ იხდის.

შახტში მუშაობის აღდგენის მოთხოვნით დასაქმებულები გამგეობასთან იკრიბებიან და მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

25 მეშახტე ამ დრომდე რჩება შახტში, ისინი იქ დილის 06:00 საათიდან იმყოფებიან.

„ჩვენი ძირეული მოთხოვნა არის, რომ დაგვეხმაროს სახელმწიფო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ბატონ დავით ბეჟუაშვილმა შეგვიწყვიტა ყველა ის გადასახადი, რასაც გვიხდიდა აქამდე. კომპანიას არ აქვს ამის საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ საექსპლუატაციო უბნებში არ ხდება ქვანახშირის მოპოვება და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენც, მეშახტეები ვეღარ ვღებულობთ ხელფასს,“ - განაცხადა მინდელის შახტის მე-6 საექსპლუატაციო უბნის სამთო ოსტატმა, ხვიჩა გაბუნიამ.

საპროტესტო აქციაზე ასევე იმყოფებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, გაკეთდა განცხადებები, თუმცა ჯერ არ გავცნობილვარ აღნიშნულ განცხადებებს. მე ჩამოვედი, რომ შევხვედრილიყავი ტყიბულის მოქალაქეებს, მეშახტეებს, რომ მათი გასაჭირი, დღევანდელი სიტუაცია უფრო ახლოს მივიტანოთ, გავიგოთ, და მივიტანოთ სადაც საჭიროა,“ - განაცხადა გიორგი ლომთაძემ.

დღის ამბები