„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალა. კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა პარლამენტიდან გამოითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილება მმართველი გუნდის უმაღლესმა პირებმა კონსულტაციის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
პოლიტიკური კომპრომისი დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაფორმდა. ილია მეორესთან მისულმა პარლამენტის თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გააქვთ. არც გახარიას და არც კობახიძეს არ დაუმალავთ, რომ ამ დათმობაზე სალომე ზურაბიშვილის მარცხის გამო წავიდნენ და იმედი აქვთ პოლიტიკური კომპრომისის შედეგად არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატი უფრო მეტ ხმას მიიღებს.
კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტი მთავრობასა და ეკლესიას შორის დიდი დაპირისპირების მიზეზი არჩევნების წინ გახდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებას მარიხუანის პლანტაციების გაშენების გეგმის გამო დაუპირისპირდა.
საქართველოში მარიხუანის პლანტაციების მოშენების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და ამ იდეას ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბოლომდე ლობირებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილის მარცხის შემდეგ დათმობაზე თავად ივანიშვილი წავიდა და კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაც პირადად მიიღო.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების დასრულების შემთხვევაში მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპრექტის ინიცირებას პარლამენტში ისევ ეცდება.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.