03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევები და მათი გამომწვევი მიზეზები

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ფატალური შედეგით დასრულებული კატასტროფების უმეტესობა ავტომაგისტრალებზე ხდება.

საქართველოს კანონში საგზაო უსაფრთხოების შესახებ წერია, რომ საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსებისათვის მოძრაობის მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე ყველა გზაზე 80 კილომეტრი საათია. იმის გადასამოწმებლად, იცავენ თუ არა კანონის ამ მოთხოვნას სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები, „პოსტსკრიპტუმმა” ექსპერიმენტი ჩაატარა. ერთსაათიანი ექსპერიმენტის დროს 92 მანქანიდან საგზაო მოძრაობის წესი არც ერთს არ დაუცვია. 

მძღოლები, რომლებსაც ერთ რეისზე საშუალოდ 16 ადამიანის სიცოცხლე აბარიათ, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებს არ უარყოფენ და ამას შიდა კონკურენციით ხსნიან. ამ კონკურენციაში კი დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ათასი მიკროავტობუსია ჩართული.

მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბება ამ სფეროში არსებული პრობლემების გრძელი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.

ამას ემატება სრული ქაოსი ავტოსადგურებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. მომრავლებულია ულიცენზიო ავტოსადგომები და ცალკეული ფიზიკური პირები, რომლებსაც მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ გააჩნიათ.

ამ სფეროს რეგულირება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ევალება, თუმცა მისი ხელმძღვანელის განცხადებით, კანონით მათთვის მინიჭებული კონტროლის მექანიზმი მოუქნელია.

ასოცირების ხელშეკრულება ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ეკოლოფიურად სუფთა და რაც მთავარია, უსაფრთხო გახადოს, თუმცა ამ კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს. 

დღის ამბები