"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, საკანონმდებლო ორგანოში პირბადით მივიდა. გოცირიძე განცხადებით, ის ამ მეთოდით "ქოციანობას" ებრძვის, რომელიც მისი თქმით, გადამდებია.
დეპუტატის თქმით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კაბინეტებიდან საზოგადოებაში გავიდეს და "ქოცის ვირუსი" გადასდოს.
"მათ თქვეს, რომ მთელი ეს წლები კაბინეტებში ვისხედითო, ხალხთან არ გავდიოდით ამიტომ ორშაბათიდან ხალხში უნდა გავიდეთო - ვიწყებთ ჩახუტებას და მოფერებასო, ხალხის პრობლემების გულთან მიტანას და გაგებით მოკიდებასო. ფაქტობრივად მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც არ უდნა ჩამეხუტოს არავითარი ქოცის ვირუსი არ გადამედება. ქოციანობა გადამდებია არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით არამედ ტელეარხიდან.
ზოგიერთი ტელეარხი ქოციანობას ასხივებს, ამიტომ გირჩევთ არჩევნებამდე გამორთოთ და გაწმინდოთ ქართული სტაფილოს წვენით. ეს შველი და მოქმედებს როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.