გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ვაშაძე ამბობს, რომ „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც მისი ძმა, დავით ვაშაძე რუს კონსულტანტად, ევგენი რეშეტნევად მოიხსენიეს.
„გუშინ, მაგალითად, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბარი იყო ჩვენს ოფისში არსებობს კონსულტანტებზე და ჩემი ძმა - დავით ვაშაძე, რომელიც ჩემი ღვიძლი ძმაა, დედით, მამით, ბებიებით, ბაბუებით, მონათლეთ ევგენი რეშეტნევად, ეს არის თქვენი სიმართლე? მე მინდა ტელეკომპანია „იმედს“ და ძალიან ბევრ ღირსეულ ჟურნალისტს მივმართო და ვუთხრა, რომ ბატონები, მესმის, რომ საგანგებო რეჟიმში ხართ, მაგრამ რაღაცას ხომ აქვთ ზღვარი და საზღვარი? არ ვიცი, ისევ ჟურნალისტურ ქარტიას მივმართო თუ როგორ მოვიქცე, მგონი, ყველა ღირსეული ჟურნალისტი გამოვა და ამის გამო ბოდიშს მოიხდის,“ - განაცხადა ვაშაძემ.