19 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ერთგულების ნიშნით შეიმოსა და ეს ერთგულები აღმოჩდნენ მლიქვნელები - ზაქარეიშვილი ივანიშვილს აკრიტიკებს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. პაატა ზაქარეიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა გვერდით ფარისევლები შემოიკრიბა. 

მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხში გასვლის გადაწყვეტილება შეცდომების აღიარება.

„მან აშკარად დიდი შეცდომა დაუშვა, რომ პოლიტიკოსები გაისტუმრა პოლიტიკიდან და ერთგულების ნიშნით შეიმოსა, ეს ერთგულები აღმოჩნდნენ ფარისევლები და მლიქვნელები,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პირველი ტურის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, ზურაბიშვილმა ყურადღება არ გაამახვილა პრობლემებზე და მან საეთერო დრო მხოლოდ ოპონენტის კრიტიკას დაუთმო.

„სულ ერთხელ გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი ეთერში და გაქრა მერე და ორი ფრაზა თქვა და ორივე შეცდომა. ერთი, რომ არა მე გავედი პირველივე ტურში - რა მნიშვნელობა აქვს ამას, მთავარია გახვედი, ნუთუ სხვა პრობლემები არ არის, გარდა იმისა, ვინ გავიდა პირველ ადგილზე. მეორე, რომ პრორუსული ძალა უნდა დავამარცხოთ. გავიგეთ, რომ ორივე ძალა პრორუსულია - ერთი ერთზე ამბობს, მეორე მეორეზე,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა და მისი მოსყიდვა შეუძლებელი იქნება.

"თუ ვინმემ ამ არჩევნებში გონიერება გამოიჩინა ეს ქართველი ხალხი იყო.მან სწორი არჩევანი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. ხალხს, რომელსაც კრიტიკულ ვითარებაში ასეთი გონივრული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ორმოცდაათი ლარით ვეღარ მოატყუებ. ვაშაძემ ზურაბიშვილთან შედარებით ალალი ხმები მიიღო. მორალური შანსები ვაშაძის მხარესაა,"-განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

დღის ამბები