პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ვიდეომიმართვას ეხმაურება, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამომრჩეველს მიმართა და ოპონენტები მწვავედ გააკრიტიკა.
ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაში იკითხებოდა ისეთი ლიდერის სათქმელი, რომელმაც ბრძოლის ფასი იცის. ბესელიას თქმით, „ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის არ ეშინია.
„ეს არის ლიდერი განცხადება, რომელმაც იცის თავისუფლების და იმ ბრძოლის ფასი, რომელიც 2012 წლამდე ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, გროვდებოდა და ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა და იმის ფასი, რაც 2012 წელმა ამ გამარჯვებით მოიტანა ანუ ადამიანის სიცოცხლე და მისი თავისუფლება ყოფილიყო დაცული. აქ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაც ხელისუფლებას დაკარგავს და რომ პოლიტიკური გუნდი რამეს დაკარგავს, აქ საუბარია იმაზე, რომ მთავარ ღირებულებებს დაემუქრება საფრთხე ამ ქვეყანაში და ქვეყნისთვის არის ეს წარსულში დაბრუნების ტოლფასი,“ - განაცხადა ბესელიამ.
ექსპრემიერის ვიდეომიმართვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, სადაც ივანიშვილის ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.
6-წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმონ.